სიახლეები

თანამშრომლობის მემორანდუმი იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებასთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებას (Union camere) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. მემორანდუმი იტალიისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორების დაკავშირების ხელშეწყობის მიზნით ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას ითვალისწინებს. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი  იტალიის დედაქალაქში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე მოეწერა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.  
დაბალი ტარიფები, მსუბუქი საბაზრო რეგულაციები, ბაზრის ფიზიკური და ნორმატიული ხელმისაწვდომობა, ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემა და გზატკეცილები, ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები  და  საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო  გიორგი კვირიკაშვილმა  იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ. მისი თქმით, საქართველოსა და იტალიას განსაკუთრებულად მჭიდრო და ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.

ბიზნეს-ფორუმის მთავარ მიზანს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოდან 110 კომპანია გაემგზავრა. ფორუმის  ფარგლებში გაიმართა პირისპირ შეხვედრები ქართული და შესაბამისი სფეროს იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოტენციურ პარტნიორებთან.

ბიზნეს-ფორუმზე პრეზენტაციებისა და "B2B" ფორმატში გამართული შეხვედრების მთავარი თემა ტურიზმი, ინფრასქტრუქტურა და მრეწველობის დარგები  იყო (მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, საფეიქრო და მანქანა-დანადგარების წარმოება). იტალიური მხრიდან, კერძო კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილნი იყვნენ ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანი ბიზნესის ინტერნალიზაციის ხელშეწყობაა, მათ შორის, Confindustria, ICE, SACE, SIMEST, Unioncamere და სხვ.
პრემიერმინისტრის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გადაწყდა, რომ 2017 წლის მაისში თბილისს იტალიის ბიზნეს-მისია ეწვევა.  რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან უმსხვილესი იტალიური კომპანიები და ადგილზე შეისწავლიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს.
8.03.2016

ვალუტის კურსი

USD
2.4455
Eur
2.6573
GBP
3.0794
კონტაქტი