სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი მეწარმეებისთვის კახეთში

2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზატორი მცირე და საშუალო მეწარეებისთვის გამართა ტრენინგი გურჯაანში  თემაზე: „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საკანონმდებლო რეგულირება და კონტროლი“. ტრენინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. 

ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს"  მცენარეთა დაცვისა და აგრო-ქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი მარინა ღვეფინაძე და მცენარეთა დაცვისა და აგრო-ქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი დავით სარჯველაძე უძღვებოდნენ. 

ტრენინგი შეეხებოდა  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირებასა და კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს და სიახლეებს. ესენია:  კანონმდებლობა პესტიციდების და აგროქიმიკატების მართვის სფეროში; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების  რეგისტრაცია, სახელმწიფო კატალოგები; ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშების აღების წესი; მარკირების წესი; პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი,  შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა, გამოყენების წესები და სხვ. 

„ეს არის უკვე მეორე ტალღა ტრენინგებისა, რომელთა საჭიროებებიც ჩვენი ცენტრის ექსპერტების მიერ მეწარმეებთან გამართული შეხვედრების შედეგად გამოვლინდა. მსგავს საკონსულტაციო შეხვედრებს DCFTA-საინფორმაციო ცენტრის ექსპერტები რეგულარულად მართავენ, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვიყოთ საქმის კურსში მეწარმეთა საჭიროებების შესახებ“ - განაცხადა DCFTA-საინფორმაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ვეკუამ. 

DCFTA საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი