სიახლეები

საქართველოში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა

2017 წლის 7 აგვისტოს, ქ.ზუგდიდში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა. მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ასოციაციის დამფუძნებელია  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც. 

ახლადშექმნილი ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მივიწყებული, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენას (კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში,  ჩეში და ა.შ)  და იზრუნოს მათ გაშენებაზე. ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციაში  გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

ასევე, ასოციაციის შექმნის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გაერთიანების გეგმებში შედის  სანერგე მეურნეობის შექმნაც და ტრადიციული მეღვინეობის შესახებ მეწარმეთათვის ტრენინგების ჩატარებაც.  

ახლადშექმნილი ბიზნეს-გაერთიანების საქმიანობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩართვას ხელს აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუწყობს. 

ასოციაციის დაარსებას წინ უძღოდა სამეცნიერო კონფერენცია „მეღვინეობა-მევენახეობა სამეგრელოში“, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. სწორედ ამ კონფერენციაზე დაისვა საკითხი  კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის შექმნის საჭიროების შესახებ. 

7.08.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი