სიახლეები

თბილისში საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

თბილისში დღეს საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.  ღონისძიების  ორგანიზატორები საქართველოს    სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყვნენ. 

ფორუმის ფარგლებში ბიზნეს-სექტორს სიტყვით მიმართეს:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიიმ და ირანი-საქართველოს ერთობლივი სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სეიდე ფატმე მოგიმი. 

ღონისძიებაში მონაწილეობა ძირითადად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრმა კომპანიებმა მიიღეს. დამსწრე ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ  გასაუბრებოდნენ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ირანულ კომპანიებთან. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში 30-მდე ირანული კომპანია ჩამოვიდა. 

ფორუმის ფარგლებში ირანული კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.  

ირანული ბიზნეს-დელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროები  ტრანსპორტი, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვები, კვების მრეწველობა, ხის გადამუშავება, ელექტრო დანადგარების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ლითონის წარმოება, ნავთობი და გაზი, ღონისძიებების მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი, საიუველირო წარმოება, ანტიბაქტერიული პრეპარატების წარმოება, ფარმაცევტიკა, შეფუთვა,  ჰიგიენური საშუალებები,  ნედლეულის იმპორტ-ექსპორტი, პლასტმასის წარმოება, საინჟინრო და სამშენებლო სექტორი, ინტერნეტ-სერვისები იყო. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის 48%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ირანიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით  2017 წლის ოქტომბერში საქართველო-ირანის კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ირანული კომპანიების ძირითადი ინტერესის სფერო ნანო-ტექნოლოგიები იქნება. 

10.10.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი