სიახლეები

პალატისა და PWC-ს მიერ შექმნილ შემფუთველთა ჯგუფს გამოცდილებას ბრიტანელი ექსპერტი უზიარებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და Price Waterhouse Coppers (PWC)-ის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეები ერთობლივად Good Governmence Fund-ის ინიციატივის საქართველოში განხოციელებაზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც დღეს შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა.  ჯგუფი სწორედ ამ თანამშრომლობის  ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი საქართველოში შემფუთველი კომპანიების განვითარება და მათი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაა. პროექტის ფარგლებში საქართველოს   ამჯერად   ბრიტანელი ექსპერტი  მარკ ჰალიერი ეწვია. ის ჯგუფის წევრებს დარგში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებზე ესაუბრა და მათ ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია. 

შესაფუთი მასალების მწარმოებელი  კომპანიების სამუშაო ჯგუფი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა და მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაიბურთი ხელმძღვანელობს.  შემფუთველი კომპანიების  და მათი პროდუქციის ხარისხის განსავითარებლად  ქართულ მხარეს გამოცდილებას ბრიტანელი სპეციალისტები რეგულარულად უზიარებენ. 

„პროექტში 2017 წლის გაზაფხულზე ჩავერთეთ. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, სადაც ამ ეტაპზე ამ სექტორის 7 კომპანიაა გაერთიანებული. იმისთვის, რომ მათი პროდუქციის ხარისხი გავაუმჯობესოთ და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ, ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციასთან პალატამ მემორანდუმიც გავაფორმეთ. ივნისში სამუშაო ჯგუფს  გამოცდილება  ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გაუზიარა, რომელთან ჯგუფის კომუნიკაციაც დღემდე აქტიურ ფაზაშია. რეალურად ჯგუფის შექმნის მიზანი  შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან გაიგივებაა, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ გავიდნენ ექსპორტზე ევროკავშირში და მიიღონ სარგებელი  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისგან“ - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაიბურთი. 

Good Govermence Fund-ის იდეა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, დევიდ ქემერონს ეკუთვნის. დღეს ეს პროექტი პოლიტიკისა და  მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG), PricewaterhouseCoopers-ის,  Lucid Linx-ის, მოლდოველ ექსპერტთა ჯგუფისა  და ევროპის პოლიტიკის ცენტრის  (CEP)  მიერ ხორციელდება და ხელს უწყობს  მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების ინიციატივებს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა Good Govermence Fund-ის ეროვნული კოორდინატორია. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს მხარს უჭერს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.  

6.10.2017

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი