სიახლეები

ბიზნესომბუდსმენი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა.  ღონისძიებაზე პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებისა და  კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. 

შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა,  ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. 

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის 25 იანვარს, მთავრობის სხდომაზე დანიშნა. მანამდე, ირაკლი ლექვინაძე დავით ნარმანიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი ბიზნესომბუდსმენი პროფესიით ეკონომისტია. არის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით ღონისძიებას ბიზნეს-სექტორის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

უახლოეს დღეებში ირაკლი ლექვინაძე შეხვედრებს იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან  გეგმავს.  ბიზნესომბუდსმენი როგორც მსხვილ, ასევე, მცირე სექტორულ და რეგიონულ ბიზნესგაერთიანებებსაც შეხვდება. 

2.2.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4671
Eur
3.0375
GBP
3.4475
კონტაქტი