სიახლეები

პალატის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი საქართველო-ბელარუსის  მთავრობათშორის ეკონომიკური კომისიის რიგით მე-4 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  ნინო ჩიქოვანი მთავრობათშორისო კომისიის წევრია, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს.  სიტყვით გამოსვლისას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა და  საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები  მიმოიხილა. ასევე, ისაუბრა პალატის სერვის  „მოიძიე პარტნიორზე“, რომლის ფარგლებშიც ბელარუსის პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან აქტიურად თანამშრომლობს. სერვისი ქართველ მეწარმეებს უცხო ქვეყნებში, მათ შორის ბელარუსში  ბიზნეს-პარტნიორის მოძიებაში ეხმარება. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ 2018 წლის 22 მარტს თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ბელარუსის  ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. 

„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ურთიერთობა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის კერძო სექტორებს შორის. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიმართა 3 ბიზნეს-ფორუმი თბილისსა და მინსკში  და ბელარუსის ნაციონალური გამოფენა თბილისში, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.  ასევე, ორი ქვეყნის საქმიანი წრეების ინტერესებიდან გამომდინარე  კონკრეტულ შედეგებს ველოდებით მარტში დაგეგმილი ბიზნეს-ფორუმისგან.“- განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ასევე,  ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩისლავ ბრილთან და პალატის მინსკის განყოფილების გენერალურ დირექტორ ალექსანდრ ფედორჩუკთან. მთავარი თემა თბილისში დაგეგმილი ბიზნეს-ფორუმის დეტალები და საორგანიზაციო საკითხები იყო. 

ნინო ჩიქოვანი  ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამოქალაქო დაცვის უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის მიერ  ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის ვლადიმერ ვაშჩენკოს და ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ბელარუსი მაშველების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. 

1.2.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4671
Eur
3.0375
GBP
3.4475
კონტაქტი