სიახლეები

ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

ქალაქ ბათუმში  მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.   ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შედგა. 

ფორუმს 300 მონაწილე ჰყავდა. მათ შორის,  180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან და სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ქალთა მეწარმეობის განვითარებას უწყობენ ხელს.  ღონისძიებაზე მეწარმე ქალბატონებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ  ახალი საქმიანი ურთიერთობები და მიეღოთ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა  განიხილეს  წარმატებული მაგალითები  და გამოწვევები.  

ბიზნეს-ფორუმის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე, 2018 წლის 8 თებერვალს, 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის ფასილიტატორი  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP) იყო, ღონისძიების  თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“,  აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ბიზნეს-ფორუმი  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გახსნა. ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: თამაზ შავაძე - აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; ზურაბ პატარაძე - აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე;  ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.  ფორუმის ფარგლებში გაიმართა  იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაციებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში წარმოდგენილი იყო ფინანსურ შესაძლებლობები და სერვისები ქალი მეწარმეებისთვის. 

მსგავსი ბიზნესფორუმების მიზანია  საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და  ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად.

8
.03.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4791
Eur
3.0282
GBP
3.4564
კონტაქტი