სიახლეები

DCFTA info - საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრმა იმერეთისა და ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

აღნიშნული შეხვედრები ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.

ქალაქ ვანსა და დაბა დმანისში გამართული შეხვედრების  მთავარი მიზანი ადგილობრივი მეწარმეებისთვის ცენტრის საქმიანობის გაცნობა და სერვისების შეთავაზება იყო. შეხვედრებს  კოოპერატივების წარმომადგენლები და მსხვილი ინდ.მეწარმეები დაესწრნენ. საუბარი შეეხო ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალს, ევროკავშირის ბაზრის რეგულაციებს და საქართველოს მიერ DCFTA შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. საინფორმაციო ცენტრის წარმომდგენლებმა შეხვედრების  მონაწილეებს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია სხვა და სხვა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების გზების შესახებ. შეხვედრების  დროს გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვა სერვისების პრეზენტაციებიც. 

„მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია, რათა  მეწარმეებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ცენტრის საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა არა მარტო ევროკავშირის ბაზარს გვიხსნის, არამედ შიდა ბაზარზე პროდუქციის ხარისხის დახვეწასაც გვავალდებულებს. ამიტომ,  საინფორმაციო ცენტრი მხოლოდ ექსპორტის პოტენციალის მქონე მეწარმეებისთვის არ არის - აუცილებელია ეს გზავნილი ბიზნეს-სექტორს მივაწოდოთ“ - განაცხადა DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვეკუა. 

DCFTA საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

14. 07.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4778
Eur
2.9746
GBP
3.3537
კონტაქტი