სიახლეები

SRCIC-ის ბიზნეს სამიტზე 81-მა სავაჭრო პალატამ ერთობლივი დეკლარაცია მიიღო

ჩინეთის ქალაქ სიანში აბრეშუმის გზის მეორე ბიზნეს-სამიტზე, რომელშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც მონაწილეობდა 81-მა სავაჭრო პალატამ ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მხარეები უნდა გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის ერთიანი საკომუნიკაციო და თანამშრომლობის  პლატფორმის შესაქმნელად. სიანის დეკლარაცია არის პირველი დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო პალატების ფედერაციამ გამოაქვეყნა და „ერთი მიზნის მსოფლიო საზოგადოების“ შექმნას ითვალისწინებს. 

სიანში გამართული სამიტის ლეიტმოტივს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ინოვაციების დანერგვა და მათში    „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის შესაბამისად გაერთიანებული ქვეყნების აქტიური ჩართვა   წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 600-მა წარმომადგენელმა 70 ქვეყნიდან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ღონისძიებაში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მონაწილეობდა.  

გამოქვეყნებული დეკლარაცია რამდენიმე  პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. მათ შორის: „საერთო მიზნის მსოფლიო საზოგადოების“ შექმნა,  პოლიტიკური კავშირის სტიმულირება სხვა და სხვა ქვეყნების წესებისა და სტანდარტების შესაბამისად, ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარება, კავშირების ინტენსიფიკაცია და სხვადასხვა ინდუსტრიების ინტეგრირებული თანამშრომლობა, ცივილიზაციებს შორის სოციალური საფუძვლების გაძლიერება, პრაგმატული, ეფექტური საერთო პლატფორმის შექმნა. 

დოკუმენტის ხელმომწერმა ბიზნეს-გაერთიანებებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ ინიციატივა „ერთი სარტყელი- ერთი გზა“, რომელიც ისტორიაზეა დამყარებული და ორიენტირებულია მომავალზე  ჩინეთიდან მოდის, თუმცა ეხება მთელს მსოფლიოს. მათივე განცხადებით, ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება სტაბილურ და ჰარმონიულ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს შექმნის, ხოლო ასეთი პირობების შესაქმნელად აუცილებელია კონცეფციის განსაზღვრა და მსოფლიო გაერთიანების შესაქმნელად კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა. 

„სამიტის ბოლოს მიღებული სიანის დეკლარაცია ასახავს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის  პალატის საერთო განვითარების მიზანს და სამოქმედო გეგმას "ერთი სარტყელი  ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში.“- აცხადებს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარე- ლუ იანზონგი. 

„საერთო მიზნის მსოფლიო საზოგადოების შექმნა მხოლოდ ერთი მთავრობის გზავნილი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს საერთო აზრი და მიზანი, რომლის მიღწევასაც მთელი მსოფლიო უნდა ცდილობდეს. მომავალში უფრო მეტი სავაჭრო პალატა და

საერთაშორისო ორგანიზაცია შეუერთდება მსოფლიო ეკონომიკის აღორძიებისა და საერთო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის ინიციატივას“ - აცხადებს აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი. 

აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა  2015 წლის დეკემბერში სავაჭრო პალატების მსოფლიო ფედერაციისა და ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით დაარსდა, აგრეთვე ისტორიული აბრეშუმის გზის გასწვრივ მსოფლიოს 36 ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივით.

იგი ფოკუსირებულია “ერთი გზა ერთი სარტყელის” სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე.  ჰქმნის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ მოდელსა და ახალ პლატფორმას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC-ს წევრი  2016 წლის აპრილში გახდა. 

12.09.2017

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი