GIZ- (DCFTA-საინფორმაციო ცენტრები)

2016 წლის 28 ნოემბერს, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრა თანამშრომლობის მიმართულებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სასწავლო სერვისების  განვითარების კუთხით სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. 

პროექტი მხარს უჭერს 5 DCFTA საინფორმაციო ცენტრის დაფუძნებას ქვეყნის მასშტაბით - თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით ვრცელდება DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაცია. მემორანდუმის საფუძველზე გათვალისწინებულია კერძო სექტორის აქტორებს (უმთავრესად, მცირე და საშუალო მეწარმეებს) შორის DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება. მოხდა კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება აღნიშნული სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე.  

პროექტი ასევე ხელს უწყობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციურ განვითარებას EFQM (ხარისხის მართვის ევროპული ფონდის) მოდელის დანერგვის გზით, რაც პალატის მიერ EFQM-ის „მაღალი ხარისხის ერთგულების“ (“Committed to Excellence”) სტანდარტის მოპოვების მიზანს ემსახურება. 
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მიმდინარეობს ევროკავშირის თანადაფინანსებით და მას ახორციელებს GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. 

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ინიციატივის EU4Business (მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა) ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანაში, მ.შ. საქართველოში. EU4Business-ის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნეს სექტორში ცოდნისა და უნარების განვითარებისა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.  
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ GIZ-თან ერთად შეიმუშავა DCFTA-ინფო ცენტრების პროექტი და მოკლე დროში გახსნა პირველი 5 ცენტრი თბილისსა და რეგიონებში. 

პროექტის შედეგად გადამზადდა და დასაქმდა 5 DCFTA-გრძლევადიანი ექსპერტი, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ მეწარმეებთან და აწვდნიან მათ მაქსიმალურ ინფორმაციას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დასმულ ნებისმიერ კითხვაზე. 

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის გრძელვადიანი ექსპერტები  პერსონალურად ან ცხელი ხაზის საშუალებით ინდივიდუალურ კონსულტაციებს  უწევენ  მცირე და საშუალო მეწარმეებს. საკითხის უკეთესად გასაცნობად და შესაფასებლად, ცენტრის ოფიცრებმა გაიარეს  მოკლე სასწავლო კურსი სახელმწიფო სააგენტოებში. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული თემა ძალიან კომპლექსურია, მეწარმეები გადამისამართდებიან  მოთხოვნილი საკითხების მიმართულებით კომპეტენტურ ორგანიზაციებში, ასევე მათ მიეწოდებათ  აღნიშნულ ორგანიზაციებში  შესაბამისი პირის/დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია. ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის გაცემა ან იმ რელევანტური ორგანიზაციის იდენტიფიცირებაა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე არის კომპეტენტური. ცენტრის ოფიცრები ვალდებულნი არიან მცირე და საშუალო მეწარმეებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ამ პროცესში. 



 

ვალუტის კურსი

USD
2.4144
Eur
2.7155
GBP
3.1322
კონტაქტი