სიახლეები

GIAC-მა გამგეობის წევრად დავით საგანელიძე წარადგინა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) გამგეობის სხდომა გამართა. სხდომაზე ერთ-ერთ წევრად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე წარადგინეს.  გამგეობის წევრების განმარტებით,  დავით საგანელიძის მათ რიგებში შემოერთება   საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობისა  და ბიზნეს-წრეების მხრიდან ინტერესის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობა ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც დავით საგანელიძის გარდა ამ ეტაპზე 5 ძირითადი წევრისგან შედგება. გამგეობის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე  ბიზნესმენები და იურისტები არიან. ამ ეტაპზე GIAC-ის გამგეობის წევრები არიან: ნინო ჩიქოვანი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე), ზვიად კორძაძე - „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ პარტნიორი და იურიდიულ ფირმათა ასოციაციის თავმჯდომარე, ეფრემ ურუმაშვილი - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი, ჯემალ ინაიშვილი - აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი, ეკა გიგაური- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.  ასევე,  გამგეობას ჰყავს საპატიო წევრი იას ბანიფატემი - იურიდიული ფირმა Shearman & Sterling-ის პარიზის ოფისის პარტნიორი. 

„ცენტრის გამგეობაში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. კომპანიებს შორის ეკონომიკური და ფინანსური დავების შემთხვევაში ცენტრს განსაკუთრებული ფუნქციები აქვს. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო დავაში ერთ-ერთი მხარე ქართული კომპანიაა.“- აცხადებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. 

„საერთაშორისო პრაქტიკაში ბიზნეს-დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი ძალიან აქტუალურია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს ამ ინსტიტუტს.“- განმარტავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული  საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება.  ცენტრის საარბიტრაჟო წესები არის შემუშავებული არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ და აერთიანებს ახალ ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და საუკეთესოდ დაცდილ დებულებებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მხარეთა მოთხოვნებს.  ცენტრის საარბიტრაჟო წესები იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ენა და ქვეყანა იქნას არჩეული დავების განსახილველად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სტრუქტურული ორგანოებია გამგეობა, საარბიტრაჟო საბჭო და სამდივნო.  გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით ზუსტად განსაზღვრული საკითხების შესახებ და მონაწილეობას არ იღებს დავის გადაწყვეტის პროცესში.

1.12.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი