სიახლეები

საპარტნიორო პროექტი IHK-სთან დადებითად შეფასდა

მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატისა (IHK) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპარტნიორო პროექტის შემფასებელმა მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. დასკვნითი შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შედგა, სადაც მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს. IHK-მ 3-წლიანი პროექტი დადებითად შეაფასა და მისი   კიდევ 3 წლით გახანგრძლივების საკითხი დადგა.  

გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი დუალური პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე გაკეთდა. ამ კუთხით პალატა  წარმატებული გერმანული მოდელის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს, რაშიც გერმანული მხარე აქტიურად უჭერს მხარს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გეგმავს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, რომელიც დუალური განათლების სისტემაში კერძო სექტორს, პროფესიულ სასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.
კიდევ ერთი ძირითადი საკითხი შეხვედრაზე რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად პალატის როლის  გაძლიერება იყო. სწორედ ამ კუთხით, ბოლო 3 წლის განმავლობაში მხარეები აქტიურად მუშაობდნენ,  ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში და  რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაიგეგმა ტრენინგები და სემინარები მათი საჭიროებების მიხედვით. საპარტნიორო პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყო პალატის წარმომადგენლობების გაძლიერებას რეგიონებში. 

შემაჯამებელ შეხვედრას პალატის პრეზიდენტისა და მენეჯმენტის გარდა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე რეგიონული პალატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შემფასებელი მისიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროფესიული განათლების მხარდაჭერის საკითხებზე სამსჯელოდ პალატის ჩართულობით მისიამ შეხვედრები გამართა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ იმერეთში, გურიასა და აჭარაში, სადაც რეგიონული ბიზნესის ხელშეწყობა და პალატის როლი  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. 

26.02.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი