სიახლეები

საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 14 მაისს, თბილისში, საქართველო-უზბეკეთის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს  პირველი ვიცე-პრემიერი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი მონაწილეობდა, რომელიც კომისიის  წევრია. 

უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის. ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთობლივად  იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების ხელშეწყობაზე. მათ შორის, პალატები აქტიურად გაცვლიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და დაეხმარებიან ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორებს საქმიანი კომუნიკაციის დამყარებაში. შეთანხმების მიხედვით მხარეები გაცვლიან ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი სერვისის- „მოიძიე/გადაამოწმე პარტნიორი“-ს ფარგლებშიც, რაც საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნეს-წრეებს  პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირებაში დაეხმარებათ.
 
უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მას  უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს. სამთავრობო დელეგაციას ახლავს ბიზნეს-სექტორიც, რომელიც  15 მაისს, თბილისში,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით  გამართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

14.05.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი