სიახლეები

თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა

თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.  ღონისძიება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  ნინო ჩიქოვანმა  და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ უტკირ  ბუტაევმა გახსნეს. 

უზბეკეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ  უზბეკეთის ეროვნული ავია-კომპანიისა და ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მმართველი პირები.  ასევე წარმოდგენილი იყო  სხვა მსხვილი სექტორები. მათ შორის:  საავტომობილო ინდუსტრია, მსუბუქი მრეწველობა, ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება,  ფარმაცევტიკა, ელექტრო-ტექნიკის წარმოება და სამშენებლო მასალების წარმოება.  ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა    უზბეკური და ქართული კომპანიების შეხვედრა, სადაც ორივე მხარეს მიეცა  საშუალება დაემყარებინათ  საქმიანი კომუნიკაცია და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განეხილათ.  ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. 

"ფორუმი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში იმართება. გუშინ ხელი მოეწერა ჩვენ ორ პალატას შორის შეთანხმებას თანამშრომლობაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება და პირველი ფორუმი სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობას განავითარებს. 12 მსხვილი კომპანიის წარმომადგენელია ჩამოსული უზბეკეთიდან. ასევე, მაღალია ქართული კომპანიების ინტერესი და ღონისძიებას 70- ზე მეტი კომპანია ესწრება", - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

"უზბეკეთში ძალიან წარმატებული ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენმა ქვეყანამ კარი გაუხსნა მთელ მსოფლიოს. ჩვენ გვსურს საქართველოსთან დავიწყოთ ბიზნეს ურთიერთობა. ასევე გვსურს ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. იმედი მაქვს, რომ ამ ფორუმიდან დიდ რეზულტატს მივიღებთ ",- განაცხადა უზბეკეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ უტკირა ბუტაევმა.

უზბეკეთის ბიზნეს-სექტორის ნაწილი  საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლებიც 14 მაისს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომაში იღებდნენ მონაწილეობას. სხდომას საქართველოს  პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე,   უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა  თანამშრომლობის მემორანდუმი  ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის. ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთობლივად  იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების ხელშეწყობაზე. მათ შორის, პალატები აქტიურად გაცვლიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და დაეხმარებიან ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორებს საქმიანი კომუნიკაციის დამყარებაში. შეთანხმების მიხედვით მხარეები გაცვლიან ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი სერვისის- „მოიძიე/გადაამოწმე პარტნიორი“-ს ფარგლებშიც, რაც საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნეს-წრეებს  პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირებაში დაეხმარებათ.

15.05.2018 

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი