სიახლეები

დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გამართა. საბჭო პალატასთან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მისი წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,   დარგობრივი  ბიზნეს-ასოციაციებისა და   დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე,  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები არიან. პირველი სხდომა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. შეხვედრას  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი  დაესწრო. 

საბჭოს შექმნის მთავარი მიზნები საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა  და  კერძო სექტორსა და  პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა.  პირველ სხდომაზე განხილულ იქნა საბჭოს კონცეფცია, სტრუქტურა და დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები. 

საბჭოს პირველი შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს კვლევა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით და  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება.  საბჭოს მიერ განისაზღვრა კვლევის ჩატარების არეალი- საქართველოს სამი რეგიონი: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და  შიდა ქართლი. კვლევის შედეგების მიხედვით უნდა დადგინდეს, აღნიშნულ რეგიონებში კერძო სეტორის პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები. 

ასევე, გადაწყდა, რომ საბჭოს ფარგლებში  შეიქმნება დარგობრივი კომიტეტები, რომლებიც იმუშავებს  ამა თუ იმ სექტორში დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით.   კომიტეტები დაკომპლექტდება დარგობრივი ასოციაციების, ამ დარგში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტებისაგან.  

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში  გაკეთდა სხვადასხვა პრეზენტაციები, მათ შორის,  პროფესიული განათლების რეფორმის შედეგების, დუალური განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტების, გერმანული მოდელის შესახებ.   ღონისძიების დიდი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. 

3.09.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი