სიახლეები

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეეები 2018“ გაიხსნა

ახალი ერა დავების გადაწყვეტაში და მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე „არბიტრაჟის დღეები 2018“, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნა. 

კონფერენციის მონაწილეები საერთაშორისო არბიტრაჟში ახლადდამკვიდრებულ მიდგომებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟზე მსჯელობენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრები და იურისტები, მათ შორის 40-მდე  საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი და მოსამართლე.

კონფერენციის გახსნაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, აღნიშნა, რომ დავების მოგვარების  ალტერნატიული მეთოდების, მათ შორის, არბიტრაჟის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ჩვენი ქვეყნის არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას. კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. 

კარლ ჰარცელმა,  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ისაუბრა საერთაშორისო არბიტრაჟის მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარების პროცესში. 

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს:  უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ  - ნინო ბაქაქურმა, საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა - ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ - სოფო ტყემალაძემ,  და ”საპარტნიორო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა - დავით საგანელიძემ. 

არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია ჩვენს რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად. ღონისძიების  ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის EU4Justice ფარგლებში. 

წლევანდელი არბიტრაჟის დღეების პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებით იყო დატვირთული. მათ შორის, დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრთან (ICDR) თანამშრომლობით გაიმართა სემინარი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის საარბიტრაჟო შეთანხმებების შემუშავების შესახებ; ხოლო არბიტრაჟის ეთიკაზე სემინარს გაუძღვა არბიტრთა პროფესიული ორგანიზაცია - Chartered Instituted of Arbitrators (CIArb). 

არბიტრაჟის დღეების ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან (VIAC). შეთანხმების ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები, განხორციელდება ინფორმაციის გაცვლა არბიტრაჟის რეგიონული პრაქტიკის შესახებ, გაღრმავდება  თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარბიტრაჟო წარმოება და დავების ეფექტიანი გადაწყვეტა. 

4.10.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი