სიახლეები

პალატამ დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით კვლევის შედეგაბი წარადგინა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა  კვლევის შედეგების პრეზენტაცია, სახელწოდებით „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“. აღნიშნულ ანგარიშში ასახულია შესაბამისობის კვლევის შედეგები, რეგიონული ბიზნესის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის. კვლევა საქართველოს 3 რეგიონში განხორციელდა.  პრეზენტაციას პალატასთან არსებული „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს“ წევრები, ასევე, ბიზნეს-სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები  დაესწრნენ. 

აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმეს. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ პალატა მიიღებს მონაწილეობას და ჩართული იქნება ,,პროფესიული განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შესამუშავებელი კანონქვემდებარე აქტების განხილვა-მომზადებაში, რაც მოიცავს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობასაც. დოკუმენტს ხელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს. 

„დღეს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი კანონქვემდებარე აქტების მომზადების დროს კერძო სექტორისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობას გულისხმობს. პროფესიული განათლების წარმატებით დანერგვისა და განხორციელებისთვის კერძო სექტორის ჩართულობა ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. პალატასთან ჩამოყალიბებულია დუალური განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის სხდომა დღეს გაიმართება. ასევე, ვატარებთ კვლევის პრეზენტაციას, რომელიც 3 რეგიონში ჩატარდა”, - აღნიშნა  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.  

მემორანდუმის შესაბამისად, პალატა ჩაერთვება სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომელთა თემატიკაც შემდეგ საკითხებს მოიცავს:   პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება  და დამტკიცება; არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება; არაფორმალური განათლების აღიარების უფლებამოსილების მოპოვების წესებისა  და პირობების შემუშავება;  პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა  და მათი  ფორმების მომზადება. 

ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 2018 წელს პალატამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით შექმნა „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“, რომლის  წევრებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,   დარგობრივი  ბიზნეს-ასოციაციების,    დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და   პროფესიული განათლების  ექსპერტები არიან. საბჭოს შექმნის მთავარი მიზნები საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა  და  კერძო სექტორსა და  პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა.

24.12.2018

ვალუტის კურსი

USD
2.6892
Eur
3.0453
GBP
3.5581
კონტაქტი