სიახლეები

რეგიონული SME-ის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნეს-სექტორთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არსებულმა,   რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა რუსთავში  კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ჯგუფი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) მხარდაჭრით შეიქმნა და მისი მიზანი რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატიკის ანალიზი და  ამ სექტორის  ბიზნეს-სუბიექტების   საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული კონსულტაციების გაწევაა. ასევე, პალატის მომსახურებებისა  და სახელმწიფო  სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ ბიზნესში. 

ქვემო  ქართლში გამართულ შეხვედრას  ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორს წარმოადგენდნენ.  ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. მან შეხვედრის მიმდინარეობისას მეწარმეთა პრობლემები დეტალურად მოისმინა  და მათთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე გაიმართა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში და თელავში.

საპარტნიორო პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე მე-4 წელია წარმატებით ხორციელდება, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და რეგიონებში პალატის მომსახურებების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით უწყობს ხელს. 

25.01.2019

ვალუტის კურსი

USD
2.8687
Eur
3.2178
GBP
3.5580
კონტაქტი