სიახლეები

პალატის პრეზიდენტის განცხადება საპენსიო რეფორმის შესახებ

საპენსიო რეფორმა უდავოდ იქცა ფართო განხილვების საგნად ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 2019 წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დაგროვებითი პენსიის სქემა ძალში შევიდა.
როგორც საზოგადოებამ იცის დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილება სავალდებულოა იმ პრებისათვის ვინც 2018 წლის 6 აგვისტოსათვის არ იყო 40 წლის, ხოლო მათთვის ვინც ამ პერიოდისათვის იყო 40 ან მეტი წლის სქემაში მონაწილება ნებაყოფლობითია. 

როგორც ყველა რეფორმას, ამ რეფორმასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა თქმა უნდა საუბარია ბიზნესის გადმოსახედიდან რეფორმის შეფასებაზე. ამ შემთხვევაში ხაზი რომ გავუსვათ რეფორმის პოზიტიურ მხარეს აუცილებლად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტორები:

რეფორმის სოციალური მხარე - რაც გულისხმობს გარანტირებულ შემოსავალს საპენსიო ასაკში;

ასევე სოციალური გავლენაა სიღარიბის დაძლევა, როგორც ვიცით სწორედ საპენსიო ასაკის ადამიანებში სიღარიბის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას;

ფონდებში აკუმულირებული თანხები უზრუნველყოფს მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნას და განავითარებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარს;

მძლავრი სტიმული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის, რაც გამოიხატება კაპიტალის ბაზრის განვითარებით ადგილობრივი კომპანიებისათვის საინვესტიციო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში და რა თქმა უნდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და შემოსავლების ზრდაში. დაგროვებითი საპენსიო შენატანები უზრუნველყოფენ პირველად ქვეყნის ისტორიაში მასშტაბური საინევსტიციო კაპიტალის ბაზის შექმნას - შედეგად განვითარდება კაპიტალის ბაზარი, ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება მინიმუმ 4-5%-ით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება ხელფასები და სოციალური შემწეობები - ყველა ეს სიკეთე აისახება ჩვენს მოქალაქეზე მიუხედავად იმისა მონაწილეობენ დაგროვებით საპენსიო სქემაში თუ არა; 

რაც შეეხება გარკვეული სახის გამოწვევებს, უნდა ითქვას, რომ ყველა დიდი გამოწვევაა რისკი რამდენად დაცულია აკუმულირებული რესურსი გრძელვადიან პერიოდში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს რესურსი დაცულია სახელმწიფოსათვის ყველაზე მაღალი სტატუსით როგორიც არის კანონმდებლობის დონეზე დაცვა. სხვა უფრო მარალი დაცულობა წარმოუდგენელია არსებობდეს.
 
დამსაქმებლის სავალდებულო შენატანი საგადასახადო ეფექტის გათვალისწინებით მხოლოდ დარიცხული ხელფასის 1.6%-ია, რაც საერთო ხარჯების დაახლოებით 0.5-1.0%-ია და არ წარმოადგენს არსებით ფინანსურ ტვირთს, მაშინ როდესაც დამსაქმებელი სანაცვლოდ გაცილებით უფრო ღირებულ სიკეთეებს ღებულობს - მოტივირებული და უფრო პროდუქტიული დასაქმებული, იაფ და  გრძელვადიან კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობა მოქნილი პირობებით და სხვა.  

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი რომ საპენსიო სისტემის ფარგლებში დამსაქმებელის შენატანი არ წარმოადგენს გადასახადს. გადასახადი არის საგადასახადო კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში. დამსაქმებლის საპენსიო შენატანი არ წარმოადგენს გადასახადს - ეს არის თანხა, რომელიც გადაიხდება არა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამედ საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე და აისახება საპენსიო სააგენტოს სისტემაში დასაქმებულის ინდივიდუალურ ანგარიშზე. დამსაქმებელი, გადახდილი თანხის სანაცვლოდ ღებულობს სარგებელს - მოტივირებული და პროდუქტიული დასაქმებული, კაპიტალის ბაზრის რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა, ეკონომიკური ზრდის საზოგადო სარგებელი. 

იმ მიზნით რომ აღნიშნული რეფორმა განხორციელდეს ეფექტურად საჭიროა დამსაქმებლების სწორი და დროული ინფორმირება, სწორედ ამ მიზნით საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა აუდიტორულ კომპანია BDO - თან ერთად ახორციელებს ტრენინგებს მეწარმეებისათვის, რომ მათ სწორად მოახდინონ შესაბამისი თანხების ადმინისტრირება. ამ ეტაპზე უკვე ჩატარდა ორი ტრენინგი თბილისში და 2019 წლის პირველი კვარტალის მანძილზე ჩვენ დავფარავთ საქართველოს ყველა რეგიონს.  


04.02.2019

ვალუტის კურსი

USD
2.8687
Eur
3.2178
GBP
3.5580
კონტაქტი