სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, რეგიონული ბიზნეს ფორუმი ,,ღია დიალოგი“ გაიმართა


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტის მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესის ფორუმი-,,ღია დიალოგი“ გაიმართა. საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეულ მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, საშუალება მიეცათ, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისთვის, იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია, რაც მათ საქმიანობის პროცესში ექმნებათ, ასევე მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებზე და მთავრობის გეგმებზე. ფორუმს ჯამში 200-მდე მეწარმე დაესწრო. 

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, დიალოგის პლადფორმის მნიშვნელობას, მეწარმეებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის საქმეში. ,,მთავრობისა და ბიზნესის მსგავს ფორმატში შეკრება ორმხივად სასარგებლოა. მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, უშუალო დიალოგი ჰქონდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მიიღონ ინფორმაცია და ისაუბრონ გამოწვევებზე, თავის მხრივ კი, ხელისუფლების წარმომადგენლები შეძლებენ ბიზნესის პულსზე ეჭიროთ ხელი, რაც მათ, ამ გამოწვევებთან  სწრაფად და ეფექტურად გამკლავებაში დაეხმარება“-აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საკუთარი წარმომადგენლობების საშუალებით ხშირად მართავს ბიზნესთან რეგიონულ შეხვედრებს, ფლობს ინფორმაციას მთავარი გამოწვევების შესახებ, რაც მეწარმეების ინტერესის სფროშია, ესენია: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სურსათის უვნებლობა და პროდუქციის ხარისხი, მიწის რეგისტრაცია და პრივატიზაცია, ასევე საგადასახადო კანონმდებლობა. შესაბამისად შეირჩა ის სამთავრობო უწყებებიც, რომლებიც ფორუმის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ, ესენია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქონების ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო. უწყებების ხელმძღვანელებმა ფორუმის მონაწილე მეწარმეებს, მიმდინარე რეფორმებისა და სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ სერვისებსა და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ბიზნეს-სუბიექტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
25/02/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7802
Eur
3.1102
GBP
3.5275
კონტაქტი