სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში, პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი -,,ოქროს საწმისის ძიებაში“- გაიხსნა. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანი, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციონირებაა. 

ბიზნეს-ფორუმის გახსნისას, მონაწილეებს  სიტყვით მიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. ,,იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ბიზნეს-ფორუმი კი, კარგი გზაა ყველა იმ შესაძლებლობის წარმოსაჩენად, რომელიც რეგიონს გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რეგიონული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანაორგანიზებით, იმერეთის რეგიონში პირველად ასეთი მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიების მონაწილე ქართული და უცხოური კომპანიებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის, ეს ფორუმი სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნეს-პროეტების წინაპირობა გახდება“-აღნიშნა ნინო ჩოქოვანმა.

პირველ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ქ.ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხელ ხიდურელმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა.

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ პლენარულ სხდომებს, მათი ინტერესების სფეროების შესაბამისად. დისკუსიები და პრეზენტაციები გაიმართა ტურიზმის, ინოვაციური ბიზნესის, სამედიცინო-რეკრეაციული ბიზნესის, უძრავი ქონებისა და სხვა მიმართულებებით. ასევე გაიმართა იმერეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა. ორ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები რეგიონში მდებარე საწარმოებსაც დაათვალიერებენ. ბიზნეს-ფორუმი ხვალ, ,,წლის ბიზნესის“ ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“, USAID კარგი მართველობის ინიციატივა, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

3/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9336
Eur
3.2487
GBP
3.5602
კონტაქტი