სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში, დღეს ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. პარალელურად, ჩაის ფესტივალი ჩატარდა გურიაშიც. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ოზურგეთში ღონისძიება წელს პირველად გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასეთი ტიპის ღონისძიებები, მეწარმეებისთვის კარგი სტუმულია, რადგან მათ შეეძლებათ, უშუალოდ მომხმარებლამდე მიიტანონ საკუთარი პროდუქცია. ,,პალატა მუდმივად მხარს უჭერს მსგავს აქტივობებს, რადგან ეს კარგი საშუალებაა, რომ მეწარმეებმა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ცნობადობა, ასევე დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. სწორედ ესაა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანიც-ერთმანეთს დააკავშიროს მეწარმეები და დაეხმაროს მათ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორების მოძიებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩაის ფესტივალი წელს პირველად ოზურგეთშიც ჩატარდება, რაც საინტერესო პერსპექტივაა გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის“-აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა. 

ჩაისა და თაფლის ტრადიციულ ფესტივალს დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანაძე, დარგის სპეციალისტები, საელჩოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი იყო, მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეობები, ჩატარდა შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქციისა და სხვადასხვა სახეობის თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციები, მოეწყო კონკურსები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე ჩაის ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიის პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ თბილისის ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართა ქართული ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაც.

5/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი