სიახლეები

ბათუმში DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში, საწარმო „დარ კაპიტალში“  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფომაციო ცენტრის ბათუმის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნმა ავთანდილ მესხიძემ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორმა კატია კამერერმა  გახსნეს.
 
ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  გაიმართა მოწინავე პრაქტიკის მაგალითისა და DCFTA საინფორმაციო ცენტრის სერვისის პრეზენტაციები. 

„ცენტრის ფუნქციაა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მეწარმეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ ექსპორტი ევროკავშირში. დღევანდელი პრეზენტაცია დაიგეგმა საწარმოში, რადგან სწორედ საწარმოები და მეწარმეები არიან ის ბენეფიციარები, რომლებიც იღებენ ცენტრისგან კონსულტაციას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის სერვისის ფარგლებში ასევე  ტარდება ტრენინგები მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე“  - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. 

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ბათუმში DCFTA-ის საინფორმაციო ცენტრს წარვადგენთ და გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს. ჩვენი პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და სწორედ ამ პროექტის მხარდაჭერით გაიხსნა აღნიშნული ცენტრი. პროექტი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ინფორმირებულობაზე. ეს ის სტანდარტებია, რომელთა დაცვის გარეშეც ქართული პროდუქცია ვერ მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე. მაგალითად მოვიყვან სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ამ სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას კი DCFTA-ის საინფორმაციო ცენტრი კონსულტაციებისა და ტრენინგების მეშვეობით მოახდენს.“- განაცხადა GIZ-ის პროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა. 

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  ევროაკავშირისა და GIZ-ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა და უკვე საქართველოს 4 ქალაქში ფუნქციონირებს.  აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით,  „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

9.03.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი