სიახლეები

დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის ღია დიალოგი გაიმართა

ქალაქ ქუთაისში გაიმართა  ღია დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნეს.

დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია და მნიშვნელოვანია, რომ მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე, მთავრობის წევრები პირადად ხვდებიან მეწარმეებს, რათა ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და მინისტრებმა უშუალოდ მეწარმეებისგან მოისმინონ ინფორმაცია და მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით,  ღია დიალოგში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მთელი დასავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ. ღონისძიებას 200-ზე მეტი  მეწარმე დაესწრო. დისკუსიის მთავარი თემა დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და მცირე და საშუალო ბიზნესზე გავლენა იყო. ასევე, შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში დისკუსიაში ჩაერთნენ და მეწარმეთა კითხვებს პასუხების ადგილზე გასცეს. 

შეგახსენებთ, მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები.

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად  მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველჰყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

9.07.2018
    

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი